
15 აპრილს, ტოკიო მასპინძლობს ProWein 2026-ის საერთაშორისო გამოფენას, სადაც ქართული მეღვინეობა რევოლუციური კონცეფციით წარდგება. აზიის ბაზარზე ინოვაციური ხედვის მქონე ბრენდებს NGG.wine (New Generation Georgian Wine) აერთიანებს — ახალი სტრატეგიული პლატფორმა, რომელიც HIT Hub-ისა და Vine & Wine Group (vwg.ge)-ის თანადამფუძნებლობით შეიქმნა.
ეს არის HIT Hub-ის გრძელვადიანი, ღია სტრატეგიის პირველი პრაქტიკული განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წელს OK! Magazine-თან მიცემულ ინტერვიუში დაანონსდა, სადაც კომპანიის დამფუძნებლებმა ღვინის სექტორის „კოლაბორაციული ინტეგრაციის“ გეგმებზე ისაუბრეს.
ხედვა რეალობად
NGG.wine არ არის მხოლოდ მწარმოებელთა კავშირი; ეს არის პასუხი გლობალური ბაზრის გამოწვევებზე. ტოკიოს გამოფენაზე, გაერთიანების ქოლგის ქვეშ, წარმოდგენილი არიან NGG.wine-ის წევრი ღვინის კომპანიები: Vine Cra, Royal Ikalto, Avaliani Brothers, Binekhi Winery, და Gurgenidze Family Winery, რომლებიც "ახალი თაობის" ქართულ ღვინოს ქმნიან.
დამფუძნებლების ხედვა
დავით თამარაშვილი, NGG.wine-ის თანადამფუძნებელი:
„ჩვენი მიზანია, მსოფლიომ დაინახოს ქართული ღვინის ახალი სახე. ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციას, თუმცა ვქმნით მომავალს. ტოკიოს გამოფენა შესანიშნავი პლატფორმაა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ინდუსტრია და რა პოტენციალი აქვს ახალი თაობის ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე.“
ვლადიმერ კაპერსკი, HIT Hub-ის მმართველი პარტნიორი:
„NGG.wine არის ბიზნეს ეკოსისტემა, რომელიც HIT Hub-ის ტექნოლოგიური და სტრატეგიული ექსპერტიზისა და VWG-ის ინდუსტრიული ცოდნის სინერგიაზე აიგო. ჩვენ მწარმოებლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ გაერთიანებას, არამედ წვდომას ანალიტიკაზე, ციფრულ ინსტრუმენტებსა და იმ ბიზნეს მოდელებზე, რომლებიც გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის არის აუცილებელი.“
